*303#-ის მომსახურების საშუალებით 7 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა დაცვის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.
დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ახალ რეგულაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
„სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. კერძოდ, სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად - ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე. სემეკის თავმჯდომარის თქმით, სემეკის მიერ დანერგილი *303#-ის მომსახურების საშუალებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, 7 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, მომსახურებით დღემდე 113-მდე მოქალაქემ ისარგებლა. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა: ელექტროენერგეტიკის სექტორში კომპანიასთან გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება; ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დარეგისტრირდნენ მომხმარებლად და გადაამოწმონ დავალიანება; დააფიქსირონ სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია. მოითხოვონ: დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; მრიცხველის ადგილზე შემოწმება; მომარაგების დროებით გათიშვა/აღდგენა; ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება მაღალ ან დაბალ ძაბვაზე/წნევაზე, ძაბვის/წნევის ცვალებადობაზე; ხშირ წყვეტაზე და სასმელი წყლის ხარისხზე. კომუნალური კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ამასთანავე, სემეკის პასუხის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია ამავე სივრცეში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826