500 განვითარების ბანკი ტაილანდში 2027 წლის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
„Finance in Common“ (FiCS) სამიტის რიგით მეექვსე შეხვედრა 2027 წლის 31 მარტიდან 2 აპრილამდე ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, გაეროს საკონვენციო ცენტრში გაიმართება.
სამიტი 500-ზე მეტ საჯარო განვითარების ბანკსა და მათ პარტნიორებს გააერთიანებს.
სამიტის თანაორგანიზატორი აზიის განვითარების ბანკი (ADB) იქნება. ღონისძიებას ასევე მხარდაჭერას გაუწევენ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და სხვა რეგიონული და გლობალური პარტნიორები. სამიტის თემაა: „მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა უფრო მედეგი მომავლისთვის“.
აზიის კონტინენტზე პირველად გამართული FiCS-ის სამიტი საჯარო განვითარების ბანკების ხელმძღვანელებს შეკრებს. აღნიშნული ინსტიტუტები ერთობლივად დაახლოებით $23 ტრილიონი მოცულობის აქტივებს მართავენ, რაც მათ მიზნობრივი ინვესტიციების მობილიზებისა და განვითარების კონკრეტული შედეგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.
რთული გლობალური გარემოსა და შეზღუდული ფისკალური სივრცის პირობებში, როდესაც ქვეყნებს გადაუდებელი განვითარების საჭიროებების დაფინანსება სულ უფრო უძნელდებათ, ბანგკოკის სამიტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალი პროექტების ინიცირებას, ინოვაციურ ფინანსურ გარიგებებს, ასევე კონკრეტულ საინვესტიციო და პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
„ისტორიამ ჩვენს წინაშე მკაფიო პასუხისმგებლობა დააყენა“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „საერთაშორისო სისტემა ფრაგმენტირდება, საჭიროებები იზრდება, ხოლო დაყოვნების ფასი მაღალია. ბანგკოკში მსოფლიოს საჯარო განვითარების ბანკებმა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ.“
Finance in Common წარმოადგენს გლობალურ ფორუმს ყველა საჯარო განვითარების ბანკისთვის - საჯარო მანდატის მქონე ინსტიტუტებისთვის, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ პრიორიტეტებს აფინანსებენ. ინიციატივა 2020 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს ინვესტიციების კოორდინაციას, საერთო პრაქტიკის გაძლიერებასა და აღნიშნული ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო ეკონომიკურ დისკუსიებში უფრო ძლიერი ხმის მიცემას. მისი წევრები ყოველწლიურად დაახლოებით $2.5 ტრილიონის ინვესტიციებს ახორციელებენ, ქმნიან ხარისხიან პროექტებს და ახდენენ კერძო ფინანსების მობილიზებას.
ბანგკოკის შეხვედრის მიზანია, ის „შედეგებზე ორიენტირებულ სამიტად“ იქცეს და საჯარო და კერძო ფინანსების მიმწოდებლები აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დააკავშიროს. სამიტი გააძლიერებს საჯარო განვითარების ბანკების როლს, როგორც ერთიანი სისტემის, ხელს შეუწყობს კოლექტიურ მოქმედებას და გაზრდის დაფინანსებას ბუნებისთვის დადებითი შედეგების მომტანი ინვესტიციებისთვის, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გასაძლიერებლად და სუფთა ენერგიის განვითარებისთვის.
სამიტზე ასევე განიხილება ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ADB-ის მიერ 2026 წელს მრავალმხრივი განვითარების ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრების თავმჯდომარეობისა და 2026 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წლიური შეხვედრის ფარგლებში იყო დასმული. პრიორიტეტებს შორისაა მეტი კერძო კაპიტალის მობილიზება, სხვა ინვესტორებთან პროექტების გაზიარება და თანადაფინანსება, ინსტიტუტებს შორის საქმიანობის დუბლირების შემცირება და ეკონომიკური კრიზისების პერიოდში გრძელვადიანი ინვესტიციების შენარჩუნება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესახებ: ADB არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
Finance in Common-ის შესახებ: Finance in Common არის საჯარო განვითარების ბანკების (PDBs) გლობალური ქსელი, რომლის მიზანია ფინანსური ნაკადების 2030 წლის დღის წესრიგსა და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
FiCS აერთიანებს დაახლოებით 540 საჯარო განვითარების ბანკს მრავალმხრივ, რეგიონულ, ეროვნულ და სუბნაციონალურ ინსტიტუტებს და მათ პარტნიორებს. ამ მიმართულებით Finance in Common ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობისკენ გადართვას და PDB-ებს მნიშვნელოვან პარტნიორებად პოზიციონირებს. მისი წევრები დაახლოებით $23 ტრილიონი მოცულობის აქტივებს მართავენ და ყოველწლიურად $2.5 ტრილიონამდე ინვესტიციას ახორციელებენ, რაც გლობალური საინვესტიციო ნაკადების 12%-ზე მეტია.
სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება | IMF მისია
14.11.2026.02:36
მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2026 წლის 13 ნოემბერი: ამა წლის 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:
საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარსექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა, ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა. 2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027-ში 5.7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ, 5 პროცენტიან, ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.
ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება; ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია, ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება. ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდ ის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში. რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას.
ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.
ფისკალური პოლ იტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ფასების სიგნალს ბაზრისთვის.
საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკები კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.
ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.