6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი აქციზი
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით.
„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები - ვახტანგ ცინცაძე
26.08.2026.17:18
„ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად აქვეყნებს.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას.
„არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც ასტიმულირებს კერძო სექტორის მიერ პროექტების განვითარება. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც მოიტანა როგორც დაფინანსების ზრდა, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმ სტატისტიკით, რომელზეც ვსაუბრობთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება 40%-იან ზრდას აჩვენებს, რაც ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციებისა და საბანკო დაფინანსების სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი სასესხო პორტფელი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.