8 თვის მონაცემებით ტვირთბრუნვა ძალიან მაღალია - გვაქვს რეკორდული ზრდა, რაც იმ სწორი მენეჯმენტით არის განპირობებული, რომელიც როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ისე საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება l თამარ იოსელიანი
„ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ბათუმში მიმდინარე საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობს - თამარ იოსელიანი ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია" ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ გავაზიარეთ ის სტატისტიკა, რაც გვაქვს დღეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში, ეს მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე საქართველოს პორტებს. წელს, 8 თვის მონაცემებით, ძალიან მაღალი არის ტვირთბრუნვა, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, გვაქვს ზრდა და უნდა ითქვას, რომ ასევე ეს ზრდა განპირობებულია იმ სწორი მენეჯმენტით, რომელიც როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ასევე საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა ზოგადად კერძო და საჯარო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი შეფასებით, საქართველოს ნავსადგურებთან თანამშრომლობაა ამის კარგი მაგალითი.
„სწორედ ეს აღვნიშნეთ დისკუსიების დროს, რომ როგორც რეგიონული თანამშრომლობა, ასევე კერძო და საჯარო თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მომხმარებლებს მივაწოდოთ სწრაფი, ეფექტური და სანდო სერვისები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის ტექნიკური იმპორტის საშუალო შეწონილი ფასი 6.5 აშშ ცენტი/კვტ.სთ იყო - Galt & Taggart
08.10.2026.15:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.