„აბრეშუმის გზის ფორუმი ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის" ინიციატივაში" - გენადი არველაძე
„აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი იდეა არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ დაკავშირებადობა და საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის" ინიციატივაში" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში," სადაც დღეს აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. ფორუმი 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
გენადი არველაძის შეფასებით, ფორუმი აგრეთვე ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის ცნობადობის და ასევე საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაზრდას.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. ორდღიან მასშტაბულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.
აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეოთხედ იმართება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826