ADB-ში ხედავენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული - ჯემალ ინაიშვილი
აზიის განვითარების ბანკში ხედავენ იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც უშუალოდ კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დღის უკან საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრა შეაფასა.
ჯემალ ინაიშვილმა ბანკის მიერ საქართველოში გაწეულ მუშაობასაც გაუხვა ხაზი და განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც გაზრდის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, განსაკუთრებით აზიის რეგიონში. მეორე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ აზიის განვითარების ბანკი ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს საქართველოში. უკვე ხედავენ იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვა პროექტებშიც, რომელიც უშუალოდ კერძო ინვესტორთან არის დაკავშირებული. ეს უკვე კარგი ნიშანია“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826