ADB ზღვისპირა რეგიონების ეკონომიკის მხარდასაჭერად $6 მილიარდს გამოყოფს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაცხადა, რომ 2030 წლამდე $6 მილიარდამდე მობილიზებას გეგმავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვების წინაშე არსებული მზარდი საფრთხეების დასაძლევად და რეგიონში ეკონომიკის გასაძლიერებლად, რომელზეც საკვების წარმოება, დასაქმება და ვაჭრობაა დამოკიდებული.
„ოკეანე მხოლოდ გარემოსდაცვითი პრიორიტეტი არ არის - ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური საფუძველია“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „როდესაც ზღვის ეკოსისტემები ზიანდება, შედეგები მეთევზის ბადემდე, ოჯახის სუფრამდე და დატბორილ სახლებამდე აღწევს. ჩვენ $6 მილიარდამდე მივმართავთ მეთევზეობის აღდგენის, კლიმატგამძლე სანაპირო ინფრასტრუქტურის შექმნისა და წყალში ნარჩენების მოხვედრის პრევენციის მიმართულებით.“
კანდამ ASEAN-ის ლურჯი ეკონომიკის ინიციატივა მანილაში, ASEAN-ის ეკონომიკის მინისტრების 58-ე შეხვედრაზე წარადგინა, რომელსაც ფილიპინების ვაჭრობისა და მრეწველობის მდივანი თავმჯდომარეობდა. ინიციატივა 2026 - 2030 წლებს მოიცავს და წარმოადგენს იმ $30 მილიარდის ნაწილის გამოყენებას, რომლის მობილიზების ვალდებულებაც ADB-მ მაისში აიღო ASEAN-ის პრიორიტეტების მხარდასაჭერად 2030 წლამდე, როგორც რეგიონის მთავარმა განვითარების ბანკმა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მსოფლიოში მეთევზეობისა და აკვაკულტურის პროდუქციის დაახლოებით მეხუთედს აწარმოებს, ხოლო რეგიონის პორტები, სანაპირო ლოგისტიკა და ტურიზმი ხელს უწყობს ვაჭრობას, დასაქმებასა და ადგილობრივი შემოსავლების ზრდას. თუმცა, ეს ბუნებრივი კაპიტალი მცირდება ეკოსისტემების გაუარესების, პლასტმასის ნარჩენების დაგროვებისა და თევზჭერის მზარდი მასშტაბის გამო. მოდელირებული შეფასებების თანახმად, რეგიონში სანაპირო ტერიტორიების დატბორვით გამოწვეული ზარალი, საშუალოდ, წელიწადში $11.5 მილიარდს შეადგენს.
ინიციატივა მხარს უჭერს ASEAN-ის „ლურჯი ეკონომიკის“ ჩარჩოსა და მის 2026–2030 წლების განხორციელების გეგმას. ინიციატივის ფარგლებში ADB-ის მხარდაჭერა სამ ძირითად მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული: პოლიტიკის, ინსტიტუციური და მონაცემთა ბაზების გაძლიერება, რაც სანდო ინვესტიციებისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის; ASEAN-ის პრიორიტეტულ „ლურჯ“ სექტორებში, მათ შორის მეთევზეობაში, აკვაკულტურაში, სანაპირო ტერიტორიების მედეგობის გაძლიერებასა და პორტებთან დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვებში ინვესტიციების გაზრდა; ასევე, საზღვაო დაბინძურების შემცირება ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც კერძო კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ADB დიდი ხანია ASEAN-ის განვითარების ფინანსური პარტნიორი და მრჩეველია. ბანკი ფილიპინებს რეგიონული მიზნების განხორციელებაში ეხმარება 2026 წელს ASEAN-ის თავმჯდომარეობის პერიოდში და ამ მიზნით ქვეყნისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტს უზრუნველყოფს.
ADB აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი, ინკლუზიური და მედეგი ზრდის მხარდამჭერი წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია. წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ADB კომპლექსური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრისთვის ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს იყენებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც, წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს | ვახტანგ ცინცაძე
23.09.2026.16:30
„აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინს გადააჭარბა – 2026 წლის პირველ ნახევარში 7,9%-იანი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის და რეგიონში არსებული დაძაბულობის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად ასახვის ფონზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა. შედეგად, მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6,3%-მდე გაიზარდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ზოგადად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება ყველაზე მაღალია. ამასთან, მისი თქმით, ეს გაუმჯობესება ხდება იმ ფონზე, როცა ზოგადად რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ენდობა კერძო სექტორი, ენდობიან საერთაშორისო ინვესტორები და ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებზე. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და საფუძველზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.