ადგილობრივი გენერაცია იზრდება - ახალი ქარის, მზისა და ჰიდრო სადგურები შენდება | დავით ნარმანია
ადგილობრივი გენერაცია იზრდება - ახალი ქარის, მზისა და ჰიდრო სადგურები შენდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში წლიდან წლამდე ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება - როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ გაზზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და, ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, ენერგიაზე მოთხოვნაც იზრდება. ასევე, ცხოვრების დონის გაუმჯობესება განაპირობებს იმას, რომ ესეც არის საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე ელექტროენერგიაზე.
წლევანდელი წელი წინა წლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უფრო წყალუხვი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი იყო. ინტენსიურად მოსულმა ნალექებმა გამოიწვია ის, რომ ელექტროენერგიისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსი, რასაც ჰიდრო რესურსი ჰქვია, ჭარბად გვქონდა. ადგილზე მოხმარება, რაც იყო, სრულად კმაყოფილდებოდა ადგილობრივი გენერაციით ძირითადად, ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით და ჭარბი წყალიც იყო.
ამიტომაც ბოლომდე მოხდა მარეგულირებელი სადგურების, ანუ რეზერვუარების, შევსება, როგორიც არის, განსაკუთრებით, ენგურჰესის რეზერვუარი, ასევე ჟინვალჰესი და სხვა ჰიდროელექტროსადგურები, რომლებმაც მოახდინეს წყლის დაგროვება. ამის გამომუშავება ეტაპობრივად მოხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, სანამდეც ეს წყალი იქნება საკმარისი.
თუმცა, მაინც არიან სადგურები, რომლებიც მოდინებაზე არიან. ამიტომ მოდინებაზე არსებულ სადგურებს, რომელთაც არ შეუძლიათ წყლის დაგროვება, მათი მხრიდან ხდებოდა წყლის დაღვრა, იმიტომ რომ ექსპორტის შესაძლებლობა არ იყო ამ ეტაპზე. ძალიან დაბალი იყო მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ კომერციულად მომგებიანი არ იყო ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ახალი ენერგეტიკული ობიექტები შენდება. ჩვენ გავეცით, შიდა ქართულში, კასპის ქარის სადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია. ახლა ძალიან დიდი სადგურის, ასევე ქარის სადგურის, მშენებლობა სრულდება და მისი ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ მოხდება ასევე მასზე ლიცენზიის გაცემა, როცა წარმოადგენენ ჩვენთან, დადგენილი წესის მიხედვით, სალიცენზიო განაცხადს.
რამდენიმე საშუალო მზის სადგური შევიდა ასევე ექსპლუატაციაში და მიმდინარეობს ასევე მზის სადგურების მშენებლობა. ჰიდრო მიმართულებითაც რამდენიმე მცირე და საშუალო სადგური შენდება. ამდენად, ადგილობრივი გენერაცია იზრდება.
ეს არის ძირითადად შედეგი იმ პოლიტიკისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ტარდება, როცა მთავრობამ ხელშემწყობი აუქციონის მექანიზმი, ფასთა შორის სხვაობის მექანიზმი, შემოიღო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ხდებოდა პროექტების ინვენტარიზაცია და ამ ინვენტარიზაციის შემდგომ მთავრობამ გააგრძელა მემორანდუმების გაფორმება რეალურ მწვანე ენერგიის პროექტებთან.
რაც ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება მწვანე ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა ქვეყანაში. ამდენად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით“, - აცხადებს დავით ნარმანია.
სხვა სიახლეები
შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და უალტერნატივოა - დავით ნარმანია
18.09.2026.10:37
შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული და უალტერნატივო პროექტია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„შავი ზღვის კაბელის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი - გეოპოლიტიკური, ევროპასთან ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტეგრაციის თვალსაზრისით და უალტერნატივო პროექტია, ვინაიდან შესაძლებლობა იქნება ამ პროექტის მეშვეობით ჭარბი მწვანე ენერგიის ექსპორტი, დაახლოებით 1 500 მეგავატამდე.
როგორც გუშინ მინისტრმა განაცხადა, წლის ბოლომდე გამოცხადდება კვლევა შავი ზღვის ფსკერის შესახებ. ეს იქნება დეტალური კვლევა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მზად არის და არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, რომ მან პოზიტიური შედეგი აჩვენა როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე შემდგომი ღრმა კვლევის დროა, რომლის მერეც დეტალური პროექტ-დიზაინი უნდა მომზადდეს და შემდეგ დაიწყოს მშენებლობა.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა ამ პროექტს ერთობლივი ინტერესის სტატუსი მიანიჭეს. ანუ ეს პროექტი არის საინტერესო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც.
მეორე მხარე, მათ შორის, ჩვენ ძალიან ინტენსიური დიალოგი გვაქვს ჩვენს კოლეგა-მარეგულირებლებთან, იგივე რუმინეთში, რომელიც იქნება მიმღები პირველი ქვეყანა და მხარე ამ თვალსაზრისით. გავაგზავნეთ მათთან წერილი ძალიან ბევრი საინტერესო, აქტუალური კითხვითა და საკითხით, რაც არის შესათანხმებელი. სულ ახლახან მივიღეთ მათი მხრიდან პასუხი და პოზიცია.
ვიყავით ჩასული, სამუშაო შეხვედრები გავმართეთ და ეს ყველაფერი გაგრძელდება მომავალშიც, იმისათვის, რომ ტექნიკური საკითხების პარალელურად მარეგულირებელი ჩარჩოც იყოს ერთმანეთთან დაახლოებული და ერთობლივად, მერე უკვე, მოხდეს ამ პროექტის სწორი მენეჯმენტი“, - აცხადებს ნარმანია.