ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც - ვახტანგ ცინცაძე
„საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72%-ზე მეტად გაიზარდა და მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ 793.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რე-ექსპორტის გამოკლებით), რაც 72.5%-ით გაიზარდა და ივლისის თვის რეკორდულ ნიშნულს, 462.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 7 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდული მოცულობა, 4,670.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ 21.6%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა და 2,854.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.