აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1% შეადგინა
2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 0.9 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.1 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2 პროცენტი);
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826