აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა
საქსტატის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.5 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.7 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.3 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები, ძირითადად, შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-1.1 პროცენტი);
ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12.9 პროცენტი), თევზეული (9.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ზეთი და ცხიმი (-26.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (7.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-13.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებასა (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.7 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826