ახალი პორტალი ტურისტებს საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვაში დაეხმარება – მაია ომიაძე
საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ.
“ქვეყნის მთავარი ტურისტული პორტალი უკვე მზად არის, მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ხელსაწყო დაემატა ჩვენს პორტალს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პირადი მოგზაურობა ააწყონ ინტერაქციული რუკის მიხედვით, აარჩიონ ლოკაცია და შემდეგ ესტუმრონ სხვადასხვა ადგილს. ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, პორტალზე განთავსებულია 3200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, სადაც მომხმარებლები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში ბევრად მეტ ტურისტს მოვიზიდავთ ჩვენი ახალი პლატფორმის საშუალებით“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.
საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.
მთავარი ტურისტული პორტალი georgia.travel შემუშავდა პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებიც არიან: მკტ მენტორი, კლიპარტი, არტმედია და სხვა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826