ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა - ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა.
უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.
ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.
17.5 მეტრიანი სიღრმე უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას. 1,376 მ. სიგრძის მქონე ტალღმტეხელი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. საპროექტო გადაწყვეტა გათვლილია პორტის არანაკლებ 95%-იან წლიურ საოპერაციო ხელმისაწვდომობაზე.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური „ლენდლორდის" მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები უზრუნველყოფენ ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. აღნიშნული მოდელი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის ეფექტიან ფუნქციონირებას.
საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.
ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი, ანაკლიის პროექტის დირექტორი ერიკ ბეიტსი გაეცნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826