ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ - თამარ იოსელიანი
„ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ მაღალია ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის, ზოგადად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში.
„ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ახლაც, როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში ხორციელდება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. „იან დე ნულ"-ის ფლოტში შემავალი ორი დამაღრმავებელი გემი ჩვენს აკვატორიაში დამაღრმავებელ სამუშაოებს ახორციელებს - შენდება ის ტალღმჭრელი, რომელმაც უნდა დაიცვას აკვატორია და შევძლოთ დიდი ზომის გემების მიღება, რასაც დღეს, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ საქართველოში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა გასულ დღეებში ბათუმში გამართული საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - ჩვენ გადავედით ე.წ. ლენდლორდ მოდელზე, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ფლობს და აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას. ამასთან, სახელმწიფო აშენებს საგზაო და სარკინიგზო კავშირს ნავსადგურამდე და ჩვენ უკვე ღია ვართ, ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ სატერმინალო ოპერირებას განახორციელებს კერძო სექტორი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რომ შეირჩეს ისეთი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ტვირთის მოტანას და ამ მიმართულებით ექნებათ შესაბამისი გამოცდილება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.