ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის - თამარ იოსელიანი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ბათუმმა 7-8 სექტემბერს უმასპინძლა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მჭიდროდ უკავშირდება რეგიონულ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და შუა დერეფნის მზარდ როლს.
„შუა დერეფანი უკვე აღარ არის ალტერნატივა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც ამას ცხადყოფს, რომ დამატებითი ალტერნატიული მარშრუტები უკვე ძირითად მარშრუტებად გარდაიქმნება. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ თანხვედრაში ვიყოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც ვახორციელებთ, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამ მიმართულებით პარტნიორობა და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე საუბრისას თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა და მისი განხორციელების ფორმატი არსებითად შეიცვალა.
„ზოგადად, ძალიან გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, შეიცვალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების მოდელი, ჩვენ გადავედით ე.წ. „ლენდლორდ" მოდელზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო რჩება ნავსადგურის მესაკუთრედ, ავითარებს აღნიშნულ ნავსადგურს, აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ინვესტორები უკვე შემოდიან მას შემდეგ, რაც ტერმინალების ოპერირებაზე მიდის საუბარი. ანუ ტერმინალების ოპერატორებად იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორი, რომელიც ტვირთების მიხედვით შეძლებს ტერმინალების ოპერირებას. მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი - როგორც ტვირთების მოზიდვა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა და, რა თქმა უნდა,შესაბამისი გამოცდილების ქონა მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების კონტექსტში"- განმარტა იოსელიანმა
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826