ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას - Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას" - აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.
მისი თქმით, Jan De Nul ამაყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობით.
„მაღალი დონისა და ხარისხიანი ინჟინერიის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისოდ აღიარებულ საინჟინრო კომპანია Royal Haskoning-თან. საუკეთესო დიზაინის შექმნის მიზნით, მათთან ერთად შევიმუშავეთ ოპტიმიზებული პროექტი ისე, რომ არ დავთმეთ ეფექტიანობა ან ხარისხი. დღესდღეობით, ჩვენ ვმუშაობთ ორი უახლესი გემით, ესენი არიან Al Idrisi და Tristao da Cunha, მათი საშუალებით შეგვიძლია დღეში 70 000 კუბურ მეტრზე მეტი ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ვაწარმოოთ" -აღნიშნა Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა.
ერიკ ბეიტსი ამბობს, რომ კომპანია დაღრმავებით სამუშაოებს დროულად დაასრულებს და უზრუნველვყოფს 17,5 მეტრის სიღრმის შესასვლელ არხს, რაც შავ ზღვაში შემოსვლის საშუალებას მისცემს ყველაზე დიდ გემებს.
„ძალიან ვამაყობთ ამ პროექტის განხორციელებით და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებით. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის შემდგომ ეტაპებზეც წამყვან პოზიციებზე ვიქნებით", - აღნიშნა Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.