ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის ბიუჯეტი 589 მლნ დოლარით განისაზღვრა
ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება. ირკვევა ისიც, რომ კომერციულმა საკონსულტაციო კომპანია „ემტიბიესმა“ პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განაახლა და ამ ციფრების ასახვა უკვე ტენდერის პირობებში მოხდება. პროექტის პირველი ფაზის ბიუჯეტი 589 მლნ დოლარით განისაზღვრა. დავითაშვილის თქმით, ტენდერის საფუძველზე ეს ციფრი შესაძლოა დაკორექტირდეს.
„უახლოეს ხანებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით მიმდინარე წლის ბოლომდე მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც. რაც შეეხება ფინანსებს 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ასახულია 20 მლნ ლარი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა თქვა, რომ პორტის მშენებელი კომპანიის შერჩევის შემდეგ პირველი ფაზის მშენებლობა 3 წელში უნდა დასრულდეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826