ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს - თამარ იოსელიანი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam - თან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, ასევე შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირება და ძირითადი რისკების შეფასება.
„დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც ჩვენს კონსულტანტთან, რომელიც მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის განახლებაზე, ასევე იმ კომპანიასთან, რომელმაც მოამზადა ის დეტალური დიზაინი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში იმისათვის, რომ აშენდეს შესაბამისი ტალღმჭრელი და დაღრმავდეს სიღრმე 18 მეტრამდე.
გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, თუ როგორ უნდა განახლდეს არსებული გენგეგმა იმისათვის, რომ ეფექტიანად იყოს გამოყენებული, სრულად ათვისებული ის ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია ანაკლიის ნავსადგურისთვის და შესაბამისად დაიგეგმოს იმ პარამეტრებით, რომ იყოს წარმატებული და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ გენგეგმასთან, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ნიდერლანდებში ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა
12.11.2026.20:46
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ზრდის მაღალ დინამიკას.
აღინიშნა, რომ ეფექტიანობის გაზრდისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა ინვესტიციების სააგენტოდ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციად, რომელმაც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა კერძო სექტორის დაფინანსების ინსტრუმენტები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების დინამიკა და სამომავლო გეგმები.
ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სსფ-ს მისიის წევრები ესწრებოდნენ.