ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით მიმდინარეობს - ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა და ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესარჩევი პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სრულად თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროპულ დირექტივებთან.
„2022 წელს გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაოები კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. გვყავდა მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი - კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs). ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან იყო წარმოდგენილი განაცხადი, სადაც დასაზუსტებელი იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, ამისთვის მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
„შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები - ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხობს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826