ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება - პრემიერის ანგარიში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
დოკუმეტში აღნიშნულია, რომ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანზიტო − ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის.
„გრძელდება მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით. 2023 წლის ივნისში, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესარჩევი პროცესის ფარგლებში, პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა 4-მა კანდიდატმა. აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შეისწავლა შესარჩევმა კომისიამ და ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბერში, კვალიფიცირებული კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2 კანდიდატს. 2024 წლის 20 მაისისთვის, სააგენტოში კვალიფიცირებულმა ერთმა კანდიდატმა (China Communications Construction Company Limited) წარმოადგინა შესაბამისი განაცხადი/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოსა და მისი კონსულტანტების მიერ, ხოლო შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, დადგენილი წესით უახლოეს პერიოდში.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ გამოცხადდა ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი, რომლის ფარგლებშიც, 2024 წლის 10 მაისს, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შესაბამისმა კანდიდატებმა. მიმდინარე წლის 10 მაისს, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ საჯაროდ გახსნა პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი კონვერტები/პაკეტები. ზემოაღნიშნულ ტენდერში წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ. წინასწარი გათვლებით, ზაფხულის პერიოდში, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და შესაბამისად დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826