ანაკლიის პორტში სახელმწიფოს სულ მცირე 51% -იანი წილი ექნება და შესაძლოა, ოპერირების სხვა ფორმებიც განვიხილოთ - ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში სახელმწიფოს აქტიური როლი ექნება.
ამის შესახებ მან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
„ანაკლიის პორტის პროექტის განვითარება სახელმწიფოს აქტიური როლით მოხდება. ითქვა, რომ სახელმწიფოს ექნებოდა საკუთრებაში უმეტესი, სულ მცირე 51%-იანი წილი და შესაძლოა, აქაც ვსაუბრობდეთ საჯარო საკუთრებაზე და ოპერირების შემდგომი სხვადასხვა ფორმის არსებობაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მარტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა,რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს.
„ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მთავრობა დაიწყებს ამას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2023 წლის 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826