ანალიტიკოსები ოქროს გაიაფებას პროგნოზირებენ
ანალიტიკოსები ოქროს გაიაფებას პროგნოზირებენ, ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2023 წლის სექტემბერში ოქროს ფასი თვიურად 4.7%-ით 1,848.6 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოქროზე მთავარი უარყოფითი გავლენა ძლიერ დოლარს აქვს. ამასთან, ინვესტორები ვარაუდობენ საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე მეტი ხნით შენარჩუნებას, შესაბამისად, მათთვის აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ოქრო.
გასულ თვეებში ოქროს ფასმა 2,000 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა მიმდინარე ტრენდის ფონზე, ანალიტიკოსები მის 1,800 აშშ დოლარზე ქვემოთ შემცირებასაც ვარაუდობენ.
მიუხედავად ამისა, Saxo Bankის პროგნოზით, ოქროზე, როგორც რეცესიის ჰეჯირების ინსტრუმენტზე, მოთხოვნა შენარჩუნდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826