აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ 2026 წელს მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს - თამარ იოსელიანი
მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საავიაციო სექტორში წარმატებული იყო, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის განმარტებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1.6 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.
დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ავიარეისების, ისე საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებითაც.
„ავიარეისების შესრულების მიმართულებითაც გვაქვს დადებითი დინამიკა და დაახლოებით 8.70%-იანი ზრდა ფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საჰაერო სატვირთო მიმართულებით დადებითი დინამიკა, სადაც 32.26%-იანი მატება გვაქვს", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
მისივე თქმით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით ბაზრების დივერსიფიცირებაზე ინტენსიურად მუშაობს.
„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე იმისთვის, რომ 2026 წელს შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა და გვქონდეს ამ მიმართულებით ზრდა. მოგეხსენებათ, 2025 წელი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მზარდი დინამიკის შესანარჩუნებლად", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია - თამთა სოფრომაძე
09.09.2026.14:53
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებლიდან გადახრას, ძირითადად, მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდა განაპირობებს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ მიწოდების შოკმა არ გაზარდოს ინფლაციური მოლოდინები. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი - საბაზო ინფლაცია - აგვისტოს მდგომარეობით 3.6% იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს გავლენა ჯერ კიდევ ზომიერი რჩება", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალური პროგნოზის შესაბამისია. არსებული სცენარის მიხედვით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს.
ამასთან, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.0 პროცენტი, ხოლო წლის პირველ შვიდ თვეში საშუალოდ 7.9 პროცენტი შეადგინა.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რომლის მიზანიც არის, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო ფაქტორების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარეგულირებელი აქტიურად გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებისა და მათი ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობის მონიტორინგს. გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს, ხოლო ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ სებ-ი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25 პროცენტზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 9 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული.