არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ლევან დავითაშვილი
ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობათა სამიტში ჩვენი მონაწილეობა, სამიტის პარალელურად უამრავი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ხელმძღვანელებთან, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური მონაწილეობდა სამიტში და საქართველოს დელეგაციას მიეცა საშუალება, სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან ჰქონოდა შეხვედრები და მსჯელობა გამართულიყო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით ეს ვიზიტი, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია, ასევე დაგეგმილ და პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ჩვენთვის სპარსეთის ყურე და ამიტომ ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს და ტურისტული ნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025 წელს საქართველოში გაიზრდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826