არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით 9 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი გვეხსნება - მინისტრი
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი.
მინისტრმა თქვა, რომნ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%.
„ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის - ქართული წარმოშობის პროდუქტებს შეუძლიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).
აღსანიშნია, რომ როგორც სამხრეთ კორეასთან და ასევე ისრაელთან ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმი. კორეასთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 2024 წლიდან“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826