არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მეტ ინვესტიციას ველოდებით - ლევან დავითაშვილი
თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და ამ კუთხით არსებული დინამიკის კიდევ უფრო ზრდა-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი - 400 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ვფიქრობ, 2023 წელი ბევრად უფრო ინტენსიური იქნება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრობლობა.
რაც შეეხება საინვესტიციო მიმართულებით არსებულ სურათს - 2003 წლიდან დღემდე საქართველოში მილიარდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. იმედი მაქვს, რომ საამიროებიდან ინვესტიციებს მივიღებთ უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, წარმოების განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ფორუმზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორი წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობს, მის მუშაობაში ასევე აქტიურადაა ჩართული ქართული ბიზნესი - სასტუმრო „ბილტმორში“ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის გარდა, მათ პირისპირ შეხვედრების და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება აქვთ. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორის ინტერესს საქართველოში რამდენიმე მიმართულება წარმოადგენს - აგროსექტორი, ლოგისტიკა, რითეილი და სხვ.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს სტრატეგიული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის კუთხით.
„უკვე დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826