არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ვაშლის მოსავლის აღების პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად. შტაბი, რომელიც გავხსენით, ამ პროცესს წარმართავს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე. საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას - ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე - ევროკავშირში. სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას; ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, გამოიყენონ შემოთავაზებები ,სახელმწიფო პროგრამების სახით, რითაც გააუმჯობესებენ ხარისხს და გაზრდიან მოსავლიანობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი საბრუნავი საშუალებებისთვის ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ინტენსიურ ბაღიც დაათვალიერა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „ბიოჯუსი“ არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, ფერმერმა ტარიელ მუნჯიშვილმა სახელმწიფოს პროგრამების ფარგლებში 3 ჰა-ზე ვაშლის ბაღი გააშენა რისთვისაც სახელმწიფოსგან გრანტის სახით 30,000 ლარი მიიღო. ფერმერი წელს მისი ბაღიდან 60 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.
კომპანია „ბიოჯუსი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. ხილის გადამმუშავებელი საწარმო სარგებლობს სახელმწიფოს დახმარებით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში მიღებული აქვს 9 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხი. კომპანიას დღიურად 150 ტონა ვაშლის მიღება - გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, საწარმოში სეზონურად 30 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებიდან მიღებული კონცენტრატის ექსპორტს გერმანიაში ახორციელებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826