არის საფუძველი, რომ CFD აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიებთან მემორანდუმი გაფორმდეს - დავით ნარმანია
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მეორე სიმძლავრის აუქციონის შედეგები, რაც იქნა განხილული და მოწონებული ეკონომიკური საბჭოს მიერ, არის საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიებთან გაფორმდეს მემორანდუმები, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.
დავით ნარმანიას განმარტებით, აუქციონში გამარჯვებული კომპანიები უკვე შეძლებენ, რომ დეტალური პროექტები მოამზადონ და საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მშენებლობის შემდგომ ფაზაზე გადავიდნენ.
„ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის მწვანე წყაროების განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანას სჭირდება ენერგია როგორც შიდა უზრუნველყოფისთვის, ასევე საექსპორტოდ. როცა ჩვენ მთელი რიგი თვეების განმავლობაში გვექნება ენერგიის დეფიციტი და ენერგიის წარმოება ნაკლები იქნება მოხმარებაზე, ასეთ შემთხვევებში აღნიშნული წყაროები შექმნის თვითუზრუნველყოფისთვის დამატებით ენერგიას და ამასთანავე, გაჩნდება საექსპორტო ენერგია, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხითაც, რომ ქვეყანაში ენერგიის ექსპორტის შედეგად დამატებითი თანხები შემოვიდეს.
ფასთა შორის სხვაობის მექანიზმმა შექმნა უზრუნველყოფის გარანტიები. ინვესტორმაც იცის, რას მიიღებს ყოველ წარმოებულ კვტ/სთ ენერგიაზე, ისევე როგორც საბანკო დაწესებულებებმა, რომელმაც უნდა დააფინანსონ ეს ენერგეტიკული პროექტები, იციან რომ აღნიშნული პროექტის მშენებლობის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება პროექტიდან შემოსავლები და შესაბამისად უფრო ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას საბანკო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826