აშშ-ში ინფლაცია კვლავ ზედმეტად მაღალია - FED-ის წარმომადგენელი
მინეაპოლისის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა ნილ კაშკარიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკის ყველა სექტორში ინფლაცია კვლავ ზედმეტად მაღალია და პრობლემა მხოლოდ ნავთობის ფასების ზრდას არ უკავშირდება.
„ენერგიის ფასებს, რომლებიც საკმაოდ მერყეობს, თუ გამოვაკლებთ, და საკვებსაც გამოვაკლებთ თუმცა მათ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის სამომავლო მიმართულების თვალსაზრისით, ინფლაცია მაინც ზედმეტად მაღალია“, - განაცხადა კაშკარიმ.
კაშკარიმ მხარი დაუჭირა გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 3.75%-4.00%-მდე გაიზარდა.
ის ფედერალური რეზერვის წინა სხდომაზე იმ სამ წარმომადგენელს შორის იყო, რომლებიც განაკვეთის ზრდას უჭერდნენ მხარს, მაშინ როდესაც ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) უმრავლესობამ განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა.
განაკვეთის ზრდასთან ერთად გამოქვეყნებულმა პროგნოზებმა აჩვენა, რომ ფედერალური რეზერვის მხოლოდ ორი წარმომადგენლის გარდა, ყველა სხვა წევრი წელს საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ კიდევ ერთი, 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდას ელოდება.
საპროცენტო განაკვეთების ფიუჩერსების ბაზარი დაახლოებით ორი მესამედის ალბათობას აფასებს, რომ ფედერალური რეზერვის საბაზისო განაკვეთი 2026 წლის ბოლოს 4.00% - 4.25%-ის ფარგლებში იქნება. ამასთან, მაღალია იმის ალბათობაც, რომ 2027 წლის შუა პერიოდისთვის განაკვეთი ამ ნიშნულზე კიდევ მინიმუმ 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე - დავით სონღულაშვილი
22.09.2026.15:42
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამედიცინო ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს „სკრაპი“ გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ახალი ეკომეგობრული საწარმო სახიფათო სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების დაწვის გარეშე უსაფრთხო გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამედიცინო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ნარჩენების მართვა სპეციფიკური და კომპლექსური პროცესია, რომელიც სისტემურ მიდგომას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. სამინისტრო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახიფათო ნარჩენების მართვისთვის საჭირო ობიექტების შექმნის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის ისეთ სისტემაზე, სადაც ნარჩენი განიხილება რესურსად, რომლის შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და უსაფრთხო მართვა მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ნაწილია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივები და ინვესტიციები, რასაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ინერგება ECOSTERYL-ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო და ინფექციური ნარჩენების უსაფრთხო გაუვნებელყოფისა და შემდგომი მართვისთვის გამოიყენება. პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.
ECOSTERYL-ის ტექნოლოგია ნარჩენების დამუშავებას ინსინერაციისგარეშე, მიკროტალღური ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს. სისტემა სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და პროცესის შედეგად მიიღება მშრალი, სტერილური და უსაფრთხო მასალა, რაც ამცირებს ტოქსიკური გამონაბოლქვის წარმოქმნის რისკებს და ხელს უწყობს ნარჩენების შემდგომი მართვის უსაფრთხოებას.
ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.
საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე იმყოფებოდნენ.