აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ტექსასის შტატში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა
აშშ-ში, ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტში და ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მარკეტინკული პოტენციალი, ასევე, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები.
კონფერენციის გამომსვლელებს მისასალამებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა; კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფენ ბატიუკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი და სხვები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველაიძემ კონფერენციაზე ქართული ღვინის ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა.
„ფორუმზე მოგვეცა შესაძლებლობა, ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინო, შეგვეჯამებინა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. კონფერენციაზე, ღვინის პროფასიონელებისგან მოვისმინეთ ადგილობრივი ბაზრის უახლესი ტენდენციები, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, 2013 წლიდან ახორციელებს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. ტექსასში გამართული ფორუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და გაყიდვების სტიმულირების კუთხით", - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
კონფერენციის ფარგლებში, როგორც ოსტინში, ისე ჰიუსტონში, ქართული ღვინის დეგუსტაცია „ქართული ღვინის მრავალფეროვნება" გაიმართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი და მასტერ-სომელიე ჯული დალტონი უძღვებოდნენ.
ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826