აშშ-ში საგაზაფხულო სესიების ფარგლებში, მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ეროვნულ ბანკთან ერთად, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლევან დავითაშვილი
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამერიკაში ვიზიტი შედგა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ეროვნულ ბანკთან ერთად ჰქონდა საინტერესო შეხვედრები პარტნიორებთან. პარალელურად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, აშშ-ის კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში.
„ეს არის საგაზაფხულო სესიები, როგორც წლიური შეხვედრები, რომელიც ყოველთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვიგებთ მიმდინარე წლის ძირითად ტენდენციებს რაც საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ხდება, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრიორიტეტებზე შეგვიძლია მივიღოთ მეტი ინფორმაცია. ეს არის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა პირებმა მიიღონ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაცია, რათა ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური დინამიკა, საქართველოს გააჩნდეს დაფინანსების მუდმივი და პროგნოზირებადი წყაროები საინტერესო პრიორიტეტული პროექტებისთვის და სწორედ ამ მიმართულებით მოხდა ძალიან ბევრი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა აშშ-ში ვიზიტის დროს მთელი კვირის განმავლობაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826