Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება - გურამ გურამიშვილი
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად სანქციებთან მიმართებაში პერმანენტულად ახორციელებს ქვეყანაში შემოსული გემების სკრინინგს. შესაბამისად, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.
აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის ბათუმის პორტში, სადაც ის 27 ივლისს იმყოფებოდა.
ამასთანავე, გურამ გურამიშვილი აქცენტს აკეთებს საკითხის იმ მხარეზე, რომელიც ტურიზმს უკავშირდება. მისი თქმით, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით და არ შეიძლება მისადმი შერჩევითი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით მიდგომა.
„ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც მას ტურიზმის დარგში საზღვაო მიმართულებით აქვს", - განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826