„აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთ ეკონომიკურ საქმიანობას - ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა.
ამ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს. აღსანიშნავია, რომ ჰიდროენერგეტიკის შემთხვევაში საუბარია მცირე ზომის ჰესებზე.
„განახლებადი ენერგიების წარმოება და განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარისა და ჰიდრო ელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავალის განვითარებას", - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
"ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.
პროგრამის ფარგლებში, "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826