აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის პორტებს შორის კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ
AZCON Holding-ისა და აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) დელეგაციებმა კასპიის ზღვის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ყაზახეთის ძირითადი საპორტო და ტერმინალური ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციები გაეცნენ აქტაუსა და კურიკის პორტების, Aktau Sea North Terminal-ის, Aktau International Container Hub LLC-ისა და სარჯას მულტიმოდალური ტერმინალის საქმიანობას. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაში.
პორტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მთავარი ყურადღება დაეთმო ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტსა და ყაზახეთის აქტაუსა და კურიკის პორტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
მხარეებმა განიხილეს ტვირთების დამუშავების ეფექტიანობის გაზრდის, საოპერაციო კოორდინაციის გაუმჯობესებისა და პორტებს შორის ციფრული მონაცემების გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობები.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კასპიის ზღვის პორტებს შორის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთნაკადების ოპტიმიზაციასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
შუა დერეფანი წარმოადგენს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტს.
სხვა სიახლეები
ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს - მარიამ ქვრივიშვილი
20.10.2026.15:12
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი - პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს. სწორედ ასეთ ეკონომიკას სჭირდება თანამედროვე განვითარების ინსტიტუტები, ძლიერი კერძო სექტორი და სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე კურატორ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისთვის.
„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში. მე მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს - ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.