აზერბაიჯანის რკინიგზა ბიზნესთან თანამშრომლობას აძლიერებს და სატვირთო გადაზიდვების განვითარების პერსპექტივებს განიხილავს
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) ხელმძღვანელობამ ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების სექტორში მოქმედი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, გადაზიდვების მოცულობის ზრდის შესაძლებლობები, სატარიფო პოლიტიკა და ბიზნესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
კომპანიის ინფორმაციით, დასრულებულია სუმგაითი–იალამის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია და ასტარის ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები. პარალელურად, გრძელდება ბაქო–ბოიუქ-ქესიქისა და ალათი–ოსმანლი–ასტარის სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია. ამასთან, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის განახლების შედეგად მისი წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
„აზერბაიჯანის რკინიგზა“ მოძრავი შემადგენლობის განახლებაზეც მუშაობს. 2025 წელს კომპანიამ 300 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა, ხოლო 2026 წლის სექტემბერში ჩინეთიდან შვიდი თანამედროვე სატვირთო ელექტროლოკომოტივი მიიღო. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით 14 ლოკომოტივის შესაძენად, ხოლო 2027 წლისთვის კიდევ 250 ვაგონის შეძენაა დაგეგმილი. აღნიშნული ინვესტიციები გადაზიდვების გამტარუნარიანობისა და მომსახურების საიმედოობის გაზრდას ემსახურება.
კომპანია ასევე ავითარებს სატვირთო გადაზიდვების ციფრულ მომსახურებებს. ADY Express-ის მოდელის ფარგლებში სარკინიგზო, საპორტო და საზღვაო მომსახურებების ერთიანი ფანჯრის პრინციპით გაერთიანება იგეგმება. ამასთან, უკვე ამოქმედებულია ტვირთების მონიტორინგის ციფრული პლატფორმა, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე კონტეინერების გადაადგილების რეალურ დროში კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეღავათიანი ტარიფები, ახალი სატვირთო ნაკადების მოზიდვა და გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
10.11.2026.11:01
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრები მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალურ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც თურქეთის მიერ არის ინიცირებული. ის მიზნად ისახავს, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან თანამშრომლობით, ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ინიციატივა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის ენერგეტიკისა მინისტრებთან ერთად , "აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას" მოაწერს ხელს.