აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზა საზღვრის გავლით სატრანზიტო გადაზიდვების დროის შემცირებას გეგმავენ
აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) თავმჯდომარის, როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ორმხრივი სარკინიგზო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ბოიუქ-ქესიქის, გარდაბნისა და თბილისის რკინიგზის სადგურებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები საზღვრის გადაკვეთის პროცედურების დაჩქარების, სადგურებზე მატარებლების მომსახურების გაუმჯობესებისა და არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიანად გამოყენების საკითხებზე.
განხილვის მთავარი თემები იყო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების დაყოვნების დროის შემცირება, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივება, მატარებლების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა და ოპერაციული შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანა.
სხვა სიახლეები
ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას - შოთა ბერეკაშვილი
19.11.2026.15:39
საქართველოში მოქმედი ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, მის მონაწილეებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით მიმართეს.
შოთა ბერეკაშვილის გამოსვლა სრულად:
მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და მივესალმები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მოწვეულ სტუმრებს.
კონკურენცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის ხელს უწყობს ინვესტიციებს, ინოვაციას, პროდუქტიულობის ზრდასა და, რაც მთავარია, მომხმარებლის კეთილდღეობას.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნა რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარებას, ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, სერვისების მრავალფეროვნებას და შედეგობრივად მომხმარებლის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ ჩვენი კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრინციპებია: კონკურენციის გაძლიერება, პროცესების სისწრაფე და გამჭირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა.
1. კონკურენციის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. ღია ბაზრის პრინციპების გაძლიერებით შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციების სწრაფი დანერგვა და კონკურენტული გარემოს გაუნჯობესება. ყოველივე ზემოაღნიშნული ზრდის როგორც წარმოების/სერვისების პროდუქტიულობას, ასევე მათ ეფექურობას და მომხმარებელს უფრო ხელმისაწვდომ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
2. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტია პროცესების სისწრაფე და გამჭვირვალობა. ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მკაფიო, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი გარემო. გამჭვირვალობა ამცირებს გაურკვევლობას, ზრდის ნდობას ბაზრის მონაწილეებს შორის და ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის პრინციპების გაძლიერება როგორც მარეგულირებელ პროცესებში, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
3. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდა აღნიშნული მოდელის მთავარი საყრდენია. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია პროდუქტებისა და მომსახურების ფასების, ხარისხისა და პირობების შესახებ. ეს მას საშუალებას აძლევს, შეადაროს ბაზარზე არსებული შეთავაზებები და გააკეთოს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ისე თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება.
ეს სამი მიმართულება ერთმანეთის შემავსებელია და ჯანსაღი საბაზრო გარემოს საფუძველს ქმნის. ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.
საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია შევქმნათ ბიზნესითვის კონკურენტული, გამჭირვალე და ეფექტური გარემო, რომლის პირობებში მომხმარებელი იღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე.
საერთაშორისო კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საბანკო და საზედამხედველო სექტორებისა და 22 ქვეყნის ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.