აზერბაიჯანში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით ახალი საოპერაციო ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარჰან ალიევმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებით მხარეებს შორის ახალი საოპერაციო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ნავთობსადენის ფუნქციონირების აღდგენასა და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნებას.
ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, ის უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და ასევე სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დღეისთვის შეჩერებულია.
ბაქო-სუფსის მილსადენი საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონში წარმატებით განხორციელებულ პირველ სატრანზიტო პროექტს წარმოადგენს.
ეკატერინე სისაური ბაქოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826