აზერბაიჯანში ვიზიტის დროს საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე - ირაკლი კობახიძე
ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ორ ქვეყანას შორის მობილობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ხალხთაშორის ურთიერთობებს.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
„აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826