აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს - მარიამ ქვრივიშვილი
„აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას" - ამის შესახებ განცხადება ბაქოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, შეთანხმება, თავისი შინაარსით, დაახლოებით ექვს ძირითად მიმართულებას გულისხმობს.
„პირველი, ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე - ტრანსპორტის მიმართულება. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე. ეს გახლავთ გაზის სექტორში 20-წლიანი ხელშეკრულება და თანამშრომლობა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, გაგრძელდა მოქმედი ხელშეკრულება, რომლის ვადა 2026 წელს იწურება და რომელიც საქართველოსთვის სოციალური გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
„რეალურად გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ შეთანხმების ნაწილია ელექტროენერგეტიკაში თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს იმპორტს, ტრანზიტს, ისევე როგორც სხვა არაერთ მიმართულებას. შეთანხმების ფარგლებში ჩვენ, ერთი მხრივ, ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას როგორც გაზის, ისევე ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი ივლისის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს
29.07.2026.18:29
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს
მაღალინფლაციური სცენარი
ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც მოიაზრებს გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე გადმოეცემა. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურად სცენართან შედარებით მაღალი იქნება.
დაბალინფლაციური სცენარი
დაბალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფ დეესკალაციას მოიაზრებს. ასეთ პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წნეხი მოსალოდნელზე ადრე შემცირდება. ამასთან, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესება შიდა ინფლაციურ წნეხს შეარბილებს, რაც ინფლაციის მიზნობრივ დონემდე დაბრუნებას და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო სწრაფ ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს, თუმცა მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შედარებით მკაცრი პოზიცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებული იქნება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერესა და პოტენციურ გავლენაზე. თუ ინფლაციური რისკები, მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.