აზიის განვითარების ბანკმა, სხვა საფინანსო ინსტიტუტების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ვახტანგ ცინცაძე
აზიის განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლისთვის 7%-ს შეადგენს, რაც ბანკის 2025 წლის აპრილის პროგნოზს 1.0 პ.პ-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აზიის განვითარების ბანკმა, სხვა საფინანსო ინსტიტუტების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - მცირე ხნის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა.
„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლისთვის 7.2 პროცენტით გაიზრდება, ხოლო საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებენ," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულს ამყარებს მიმდინარე პროექტები და რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და ეკონომიკური ზრდის შემდგომ დაჩქარებაზეა მიმართული.
ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის დაფარვის ზონის ქვეყნებს შორის, უშუალოდ საქართველო კი ლიდერია 2025 წლის განმავლობაში გაზრდილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზიის განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არაერთ ქვეყანას შემცირების მიმართულებით დაუკორექტირა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826