ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად - ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხზე
ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის.
საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა.
ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.