ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ერთ თვეში 2,5%-ით გაიზარდა
ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ერთ თვეში 2,5%-ით გაიზარდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 60 211,6 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებელი 58 720,6 მლნ ლარი იყო.
თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 118,3%-იანი ზრდა. 2023 წლის დეკემბერში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 50 855,3 მლნ ლარის დონეზე იყო.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 47,3%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, დეკემბრის მაჩვენებლებით საუბარია 28 483,3 მლნ ლარზე. თვიურ ჭრილში ზრდა 3,7%-ია, ხოლო წლიურად 20,3%-იანი ზრდა.
რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 31 728,3 მლნ ლარია, ზრდა ნოემბერთან შედარებით 1,5%-ია, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 16,7%-ი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826