ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.
ამით წარმატებით დასრულდა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის მრავალწლიანი განხორციელების ისტორიული პროცესი — სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც 2007 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი.
ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკება მხარეებს შორის და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძლიერი პოლიტიკური ნების, მჭიდრო კოორდინაციისა და ინტენსიური ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა დარჩენილი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი და ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას, რაც წარმატებით დასრულდა.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა წარმოადგენს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ხედვაზე, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი დაკავშირებადობის გაძლიერების საერთო მიზანზე. პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციითა და პარტნიორობით.
ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღეს უკვე წარმოადგენს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ფორმირებაში. პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი სატვირთო ნაკადებისა და შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის — დაახლოებით 10 დღემდე, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას აღწევს. ეს ქმნის შესაძლებლობებს რეგიონული ვაჭრობის გაფართოების, სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
პროექტი ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და ეფექტიან დაკავშირებადობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ოპერატორი იქნება საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
სხვა სიახლეები
როგორია აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
13.10.2026.19:00
საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 615 338.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 025 387.3 ათას დოლარს შეადგენდა.
საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 8 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 104 838.6 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.77%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
• ფეროშენადნობები - 38 108.6 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 258.5 ათასი დოლარი;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11 826.6 ათასი დოლარი;
• საფრენი აპარატების ნაწილები - 8 039.2 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5 507.9 ათასი დოლარი;
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აშშ-დან 1 510 500.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 962 900.2 ათასი დოლარის. კლება 23.05%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
• მსუბუქი ავტომობილები - 1 364 131.3 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 44 734.6 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი- 13 049.6 ათასი დოლარი;
• ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7 850.9 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 6 899.6 ათასი დოლარი.