ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს l თამარ იოსელიანი
ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთანდაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელსაც ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ემატება.
„ეს სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაზიდვების დინამიკა მზარდია. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალის სრულად დატვირთვას. ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მომხდარიყო. წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ინიციატივა განხორციელდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც ახალი სარკინიგზო ხაზი შედის სრულ ექსპლუატაციაში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპროექტო მაჩვენებელი დაახლოებით 5 მილიონ ტონას შეადგენს. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება დამატებითი ტვირთების მოზიდვა აღნიშნული სატრანსპორტო ხაზის სრულად დასატვირთად.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826