ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს l ირაკლი კობახიძე
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი
16.07.2026.01:00
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.
„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.