ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში - ლაშა აბაშიძე
,,ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი რეგიონში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის. საქართველოს რკინიგზა კი იქნება ექსკლუზიური ოპერატორი. აღნიშნული ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და საქართველოს როლს გაზრდის შუა დერეფანში." - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას მოიცავს: რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ-ს და აშენდა 27 კმ სიგრძის ახალი, ევროპული სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში ოპერირების მიუხედავად, ტვირთების მზარდ ტრენდს ინარჩუნებდა. არსებუილი პროგნოზით, მისი სრულად ამოქმედების შემდეგ ტვირთების გადაზიდვა 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. საქართველოს რკინიგზა აღნიშნულ მონაკვეთზე ექსკლუზიური ოპერატორი იქნება.
სხვა სიახლეები
კორპუსებში არსებულ ოფისებს ბევრად უფრო დაბალი საფასო ნიშნული აქვს, ვიდრე ბიზნესცენტრებს - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი
02.06.2026.17:30
ჩვენი შეფასებით, კორპუსის ოფისები დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს, საიდანაც თითქმის ნახევარი გაქირავებულია, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ზუკა თავყელიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ზუკა თავყელიშვილი განცხადებით, თბილისში საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე ვაკანტურობის დონე დაბალ, 7%-იან ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ძირითადად IT და ფინანსური სექტორების ზრდა და უცხოური კომპანიების მხრიდან მაღალი კლასის ბიზნესცენტრებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.
„კონტექსტისთვის რომ ვთქვათ, ჯამურად ბაზარზე პრაქტიკულად პირველად შევაფასეთ თბილისში არსებული ყველა ტიპის საოფისე სივრცე და მათი ჯამური მოცულობა. აქ ვგულისხმობთ გასაქირავებელ და საკუთრებაში მყოფ ბიზნესცენტრებს, Co-working სივრცეებსა და საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ოფისებს. ეს უკანასკნელი რეალურად ყველაზე მეტად ფრაგმენტირებულია და მასზე ინფორმაცია ყველაზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ ეს კატეგორია - კორპუსის ოფისები - დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს, საიდანაც თითქმის ნახევარი გაქირავებულია. ამ ნაწილს ისტორიული საფუძველი აქვს; ერთ-ერთი განმსაზღვრელია ლოკაციის ფაქტორიც, თუმცა მთავარ მოტივად მაინც ფასი რჩება. როგორც კვლევაშიც ჩანს, კორპუსებში არსებულ ოფისებს ბევრად უფრო დაბალი საფასო ნიშნული აქვს, ვიდრე ბიზნესცენტრებს.
კონკრეტულად ბიზნესცენტრებზე რომ გადავიდეთ, რაც ჩვენი კვლევის მთავარი საგანი იყო, აქ სამი კლასი გვაქვს გამოყოფილი: ბიუჯეტური, საშუალო და მაღალი. ბუნებრივია, თითოეულ კლასზე მოთხოვნას სხვადასხვა სეგმენტის კომპანიები ქმნიან. თუ ბიუჯეტურ და საშუალო კლასზე მოთხოვნას ძირითადად ადგილობრივი კომპანიები აგენერირებენ, მაღალ კლასში უცხოური კომპანიების წილი ყოველწლიურად მზარდი და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2025 წელს გაქირავებული ფართობის ორი მესამედი სწორედ უცხოურ კომპანიებს ეჭირათ. მათგან ორი ყველაზე მსხვილი მიმართულება ფინანსური სერვისები და IT სექტორია. წინა წლების განმავლობაში IT და ფინანსურ სექტორებში დასაქმების ზრდა იყო ის ძირითადი ფუნდამენტი, რის ხარჯზეც ბაზარმა შეძლო გაზრდილი მიწოდების ძალიან მარტივად ათვისება და დღევანდელ ნიშნულამდე მოსვლა, სადაც ვაკანტურობა საკმაოდ დაბალ - 7%-იან ზღვარზე ნარჩუნდება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი.
შეგახსენებთ, რომ Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.
„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.
მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.
მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.