ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრი, დავით ხუდატიანი ესწრებოდნენ.
მინისტრის განმარტებით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო–თბილისი–ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა მარაბდა–კარწახის 180-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა: მათ შორის, ეს არის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, გზაგამტარები, წევის ქვესადგურები, საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ბაქო–თბილისი–ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.
„ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი და სწორედ ამიტომ ძლიერდება საქართველოს როლი ამ პროცესში", - აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან" და საქართველოს რკინიგზასთან ერთად, აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან აქტიურად მუშაობდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. ერთობლივი კოორდინაციისა და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ხაზის ოფიციალურად ამოქმედება.
სხვა სიახლეები
„საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე
22.07.2026.21:23
„ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.
საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან გააფორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, „საქართველოს ფოსტის" საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა აფართოებს მის ბიზნესშესაძლებლობებს, რაც, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის შემოსავლებზე, არამედ, ზოგადად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ბიზნეს სუბიექტებს, დაამყარონ თანამშრომლობა „საქართველოს ფოსტასთან." როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ „საქართველოს ფოსტის" და „ალიბაბა ჯგუფის" თანამშრომლობა წარმატებული იქნება, კიდევ უფრო გაფართოვდება და კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ მნიშვნელოვან სერვისს შესთავაზებს.
პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომ, დანიშნულების ქვეყნებში ტრანსპორტირება.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ „საქართველოს ფოსტა" გახდეს მომგებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მომხმარებელთა კმაყოფილებას, მეორე მხრივ კი წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში და ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირებას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.