ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს - TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საცხოვრებელი უძრავი ქონება: საქართველოს ზღვისპირეთი"-ს აქვეყნებს.
,,2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, 2024–2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილიზაციის ახალ ეტაპზე გადავიდა. ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. ამავე პერიოდში, ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 8%-ით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდამ განაპირობა. მსოფლიოს საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმი აერთიანებს ყველაზე დაბალ ფასებსა და მაღალ ამონაგებს. მსგავსი ბალანსი ფასების ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს. ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, ხოლო შემდგომ დასტაბილურდა. ამის მიუხედავად, გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით კვადრატულ მეტრზე $1,100-ს აღწევს. ფოთში გაყიდული ბინების რაოდენობა უმეტესწილად სტაბილური დინამიკით ხასიათდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, 2023-2024 წლებში მკვეთრი ზრდის შემდგომ კვადრატულ მეტრზე $500-ის ფარგლებში მერყეობს", - წერს TBC Capital-ი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826