ბათუმის ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ახორციელებს.
გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველო სადგომები.
ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის, ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკრე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერეს გმირთა ხეივანის მიმდინარე სამუშაოები და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას.
,,ბათუმის ჟიული შარტავას სახელობის ხეივანში პატივი მივაგეთ საქართველოს გმირის ხსოვნას. დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა, მას 80 წელი შეუსრულდებოდა. ადამიანი რომელმაც ქართულ ისტორიაში, ღირსებით სავსე დიდი თავი შექმნა. სიმბოლურია, რომ ამ დიდ ადამიანს და ქართველ გმირს პატივი მივაგეთ იმ ადგილას , სადაც ბათუმის ახალი ბულვარი, ანუ მომავლის საქართველო არის , რაც მისი ოცნება იყო , რისთვისაც მან თავი გაწირა. მნიშნელოვანია , რომ სწორედ გმირთა ხეივანში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
ხეივანში განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებითა და ყვავილებით.
დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ხიდებზე მოეწყობა პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალფუნქციური განათებებით. ხიდებზე განთავსდება ლიფტები.
ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.
,, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეკრეაციული სივრცეების, ინფრასტრუქტურული ელემენტების, სხვა ატრაქციების კვალდაკვალ უკვე დასკვნითი ფაზაშია ორი ხიდი , რომელთაც აქვთ მრავალმხრივი დანიშნულება, როგორც საკომუნიკაციო, ასევე საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ ახალი შესაძლებლობების სახით, რომელიც ინფრასტრუქტურულად მოეწყობა ამ ხიდებთან. მთლიანობაში, აღნიშნული ბულვარი ბათუმის სტადიონთან ერთად, კიდევ ერთი მშვენება იქნება ჩვენი საყვარელი ბათუმის”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, 1 კმ სიგრძის გმირთა ხეივანი, მაღალი ინტენსივობის განაშენიანების გამყოფი სივრცეა, რომელიც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში და ფაქტობრივად, უფუნქციო იყო. მისი რეაბილიტაციის პროექტის ითვალისწინებდა სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას. პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826