ბათუმში, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მე-5 ფაზა იწყება
ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით კომუნალური პროექტის განხორციელება იწყება, რომლის ოთხი ფაზა შავი ზღვიპირეთის ულამაზეს ქალაქში უკვე წარმატებით განხორციელდა და ახლა უკვე V ფაზის განხორციელება იწყება.
KfW-ის მიერ დაფინანსებული უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი ადგილზე, მედიასთან ერთად, გაეცნო.
KfW-ის წარმომადგენელმა და ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული წყლისა და წყალარინების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მახინჯაურის წყლის რეზერვუარი, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და სანიაღვრე სატუმბი სადგური მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ დაიწყო პროექტების V ფაზის განხორციელება, რაც წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოებას, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში განხორციელდება და ითვალისწინებს:
• ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას
• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას
• ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას
• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას
• ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას
• ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება.
V ფაზის სამშენებლო სამუშაოები 3-4 წელში უნდა დასრულდეს. სამუშაოები რთულ რელიეფურ პირობებში უნდა განხორციელდეს და ასევე ეს სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია. როგორც ირკვევა, სამშენებლო სტანდარტების ნაწილი მაღალია და ამიტომ სამუშაოების განხორციელებას მნიშვნელოვანი დრო სჭირდება.
ამ პროექტის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე Business Insider Georgia-სთან ბათუმის ვიცე-მერი საუბრობს, რომელიც განმარტავს, რომ პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და 2024 წლის დასაწყისში პირველი ტენდერი გამოცხადდება.
„ბათუმის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ჩატარდა რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანია kfw-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს 4 დასრულებულ ფაზას. სადაც ჯამში 0,5 მლრდ-ლარზე მეტი დაიხარჯა და ქალაქის არეალში გამოიცვალა წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალმომარაგება.
საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო წლებში ქალაქის მასშტაბები რამდენჯერმე გაიზარდა და ეს გულისხმობს შემოერთებულ ტერიტორიებს, სადაც აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ქალაქისთვის გამოწვევად რჩება, მაგრამ ამ გამოწვევის დასაძლევად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 53 მლნ ევრო სასესხო კომპონენტია და 2 მლნ ევრო საგრანტო კომპონენტი, ხოლო 25 მლნ ევრო არის ბათუმის თანამონაწილეობა. ჯამში ამ პროექტზე 80 მლნ ევრო დაიხარჯება.
მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო საზედამხედველო კომპანიასთან ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება და მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. რამდენიმე დღის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება საკონსულტაციო კომპანია MACS-თან.
მიმდინარეობს პროექტირება და პროექტირების დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები. რაც თავის მხრივ გულისხმობს ჩაქვის სათავე ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ინჯალოს რეზერვუარისა და შემდგომი დაქსელვის სამუშაოებს. მნიშვნელოვანია წყალარინების მიმართულება, სადაც ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება, კერძოდ, დამატებითი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ასევე საგულისხმოა ჭაბურღილების ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს უამინდობის დროს ქალაქის წყალმომარაგებას.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლის დასაწყისში საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ამიტომ ტენდერზე რამდენიმე ლოტად იქნება წარმოდგენილი“, აცხადებს ლევან დავითაძე.
სხვა სიახლეები
უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია - TBC Capital
06.05.2026.19:00
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საინვესტიციო შესაძლებლობა უზბეკეთში - მაკრო მიმოხილვა” აქვეყნებს.
"დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „უზბეკური სუმი - უსაფრთხო აქტივი?“ როგორც გასულ ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება.
რით არის განპირობებული სუმის სტაბილურობა? რასაკვირველია, აღსანიშნავია უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობა, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს - ერთი მხრივ, კონტრციკლური ოქრო, ხოლო, მეორე მხრივ, შედარებით პროციკლური სასაქონლო პროდუქტები. თუმცა, ოქროს ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით შემცირებულია, თავად აშშ დოლარი კი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გამყარდა. ამდენად, მართალია, საგარეო ფაქტორები, როგორც ყველა ღია ეკონომიკის შემთხვევაში, გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა სუმის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო დინამიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასა და ცენტრალური ბანკის სანდოობის ზრდას უკავშირდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომდევნო წლის ბოლოსთვის ინფლაციის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენელებას პროგნოზირებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ უზბეკეთში დიზინფლაცია გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და - პირიქით. სწორედ ამ თეზისს ეყრდნობოდა ჩვენი პროგნოზი სუმის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წელს, რაც მაშინ საბაზრო კონსენსუსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების პროგნოზი გაცვლითი კურსის სტაბილურობასაც მოიაზრებს ", - აღნიშნულია TBC Capital-ის პუბლიკაციაში.